fbpx



“CV- ის კარგი ფორმა ხომ არ გაქვს?” “შეგიძლია CV დამიწერო”? “როგორია კარგი CV”? “შეგიძლია CV შემივსო?” “როგორ უნდა დავწერო CV”? – ეს კითხვები იმდენად ხშირად გვსმენია, რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ ტრადიციული კითხვებია, რომელზეც იმდენი ‘სწორი” პასუხია, რამდენ რესპოდენტსაც მივმართავთ.

CV-ის დაწერა მარტივია და სპეციალურ სწავლას არ საჭიროებს, მთავარია დავიცვათ ე.წ „ მარტივი და აუცილებელი წესები“ , რომლებიც უნივერსალურია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის. CV საკუთარი “ისტორიის აღწერის” ერთგვარი უნარია, რომელსაც არც უამრავი ადამიანის მხარდაჭერა სჭირდება და არც გამოკითხვის ჩატარება.

მოდით, დავიწყოთ ყველაზე საინტერესო კითხვებით.

საინტერესო კითხვა 1. გვქონდეს თუ არა CV? პასუხი ერთმნიშვნელოვნად დადებითია, უნდა გვქონდეს, რადგან CV (და თანაც, მუდმივად განახლებული) საკუთარი შედეგებისა თუ მიღწევების “მემატიანეა”. CV, რომელიც ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა გავაკეთეთ და სად ვართ;   ამავე დროს, არავინ იცის როდის დაგვჭირდება და რისთვის და ბოლოს თუ სამსახურს ვეძებთ და – jobs.ge საც ხშირად ვსტუმრობთ, მაშინ კარგად შედგენილი და მოწესრიგებული CV პირველი წარმატებული ნაბიჯია.-

საინტერესო კითხვა 2 -ვინ უნდა დაწეროს CV?

ჩვენი СV ჩვენ უნდა შევადგინოთ. არ შეიძლება სხვას ვთხოვოთ СV-ს დაწერა და არც სხვა ადამიანის СV- ს შაბლონად გამოყენებაა კარგი გამოსავალი, რადგან არცერთი ადამიანის “ისტორია” არ არის იდენტური. მეგობრის CV ვერ დაგვეხმარება ჩვენს შესახებ ინფორმაციის გადმოცემაში და დროსაც ამაოდ დავკარგავთ.

საინტერესო კითხვა 3 – როგორ უნდა დავწერო CV ?

უამრავი CV გვინახავს, რომელიც ან ძალიან კარგია (ეს ცოტაა სამწუხაროდ) ან ძალიან ცუდი. არსებობს CV-ის დაწერის „ოქროს წესები“, რომელიც მხოლოდ ორთოგრაფიულ გამართულობას არ გულისხმობს. ამ „ოქროს წესების“ მიზანი ერთია: სწორად და გასაგებად მივაწოდოთ ჩვენს შესახებ ინფორმაცია CV- ის ადრესატს.

მოკლედ, როგორ დავწეროთ საკუთარი CV და აი ასე:

თუ CV გჭირდებათ სამსახურის მოსაძიებლად აუცილებლია:

  1. კონკრეტულ ვაკანსიაზე გაგზავნისას  ჩვენი CV უნდა შევუსაბამოთ პოზიციას და არ გავაგზავნოთ შარშანდელი CV . ვაკანსიასთან შესაბამისობა გულისხმობს განახლებულ CV-ში ვაკანსიისთვის საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის უფრო სრულყოფილად წარმოჩენას.
  2. CV -ს ფორმატი – CV არ უნდა იყოს ვრცელი და გადატვირთული. უნდა გვახსოვდეს, რომ ადრესატისთვის ჩვენს შესახებ მხოლოდ უახლესი ინფორმაციაა საინტერესო. კარგი CV არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 2 გვერდს. არ შეიძლება CV ს „ექსელში“ ან „ფაუერ პოინტში“ შედგენა, არც მისი გაფერადება ან ორნამენტებით შემკობაა საჭირო, ეს არ არის კარგი CV. მერე რა, რომ მარკეტოლოგები ან ფინანსისტები ვართ, არ გვინდა ფერებში გადმოცემული ისტორია, ნუ გავაშარჟებთ ჩვენს საამაყო მიღწევებს.
  3. რა ინფორმაცია სჭირდება CV- –

მოდით დავყოთ ორ ნაწილად: ა) აუცილებელი ინფორმაცია ჩვენს შესახებ – ვინ ვართ, საკონტაქტო ტელეფონი, ელ-ფოსტა, დაბადების თარიღი. არ არის აუცილებელი ჩვენი ოჯახური მდგომარეობისა და შვილების რაოდენობის მითითება-თუ დაინტერესდებიან ჩვენი ოჯახური მდგომარეობით , შეხვედრაზე გვკითხავენ, ეს ნამდვილად არ მოერიდებათ ..

ბ) ინფორმაცია ჩვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ- საჭიროა შევიტანოთ იმ კომპანიების დასახელება, სადაც ვმუშაობდით და ვმუშაობთ, პოზიციებისა და კომპანიაში მუშაობის წლების მითითებით. აუცილებელია, რომ ჩვენი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გადმოვცეთ უახლესი, მიმდინარე პერიოდიდან. არ შეიძლება ინფორმაცია დავალაგოთ წლების ზრდის მიხედვით და ადრესატს ვაძებნინოთ CV -ში ახლა რას ვსაქმიანობთ.

  1. სამუშაო გამოცდილება – მოკლედ უნდა აღვწეროთ ჩვენი შედეგები და არ გამოვიყენოთ ფუნქციების ამსახველი ზმნები, რაც არ არის შთამბეჭდავი და მიმზიდველი.
  2. განათლება – მივუთითოთ უნივერსიტეტი და განათლების ხარისხი. თუ ვართ რომელიმე რეიტინგული უნივერსიტეტის მაგისტრი, ჯობია ეს ინფორმაცია დასაწყისშივე გავუზიაროთ ადრესატს- აი ეს შთამბეჭდავია!
  3. საოფისე პროგრამების ცოდნა (და არა კომპიუტერული უნარები!) – აღარ უნდა ჩამოვწეროთ MS Exel, MS Word და სხვ. მითუმეტეს დაუშვებელია, დავწეროთ, რომ ვიცით,Windows , outlook და internet ი – ეს ძალიან ცუდი СV-ია, რომელიც ორ რამეზე მიუთითებს- პირველი: CV დაუდევრად გავაკეთეთ და მეორე, არ ვიცით რას ნიშნავს “კომპიუტერის” ცოდნა. სწორი გზაა მივუთითოთ , რომ ექსელს / ვორდს ვფლობთ ან პროფესიონალურ ან სამომხმარებლო დონეზე.
  4. ენების ცოდნა- უნდა მივუთითოთ ის ენა,რომელზეც ა) თავისუფლად ვსაუბრობთ და ვწერთ; ბ) კარგად ვსაუბრობთ და ვწერთ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელემენტარულ დონეზე ვიცით მაგალითად შვედური ენა არაფერში დაგვეხმარება. ანბანისა და „გაქცეულის მობრუნების“ ცოდნა შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს.
  1. ჰობი– შევცალოთ ინტერესებით.  21-ე  საუკუნეს ინტერესის მქონე ხალხი ქმნის. ინტერესი გვიბიძგებს განვითარებისა და პროგრესისკენ. , აი ჰობი .. ჰობი ჩვენი გასართობია ან თავშესაქცევი და თუ ვინმე დაინტერესდება, გვკითხავს კიდეც, არ მოერიდება.   უნდა მივუთითოთ ჩვენი რეალური ინტერესის სფეროები, ის რასაც ვსწავლობთ, ან მეტ-ნაკლებად ვიცით და პოზიტიური ემოციით ვისაუბრებთ.

СV ს დაწერაზე ბევრი სტატია და მოსაზრება არსებობს, CV ის ფორმატიც ვითარდება და იცვლება ჩვენთან ერთად. ეს ცვლილელებიც დროა გავიზიაროთ. უახლესი ცვლილებები შემდეგია:

  1. აღარ არის აუცილებელი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, 21 -ე საუკუნეში ‘იმეილი“ და ონლაინ კომუნიკაციაა აქტუალური, ფოსტალიონი სახლში აღარ მოგვაკითხავს;
  2. არ არის საჭირო 2 ან 3 მობილური ტელეფონის ნომრის დაფიქსირება, დაწერეთ ის ნომერი,რომელიც მუდმივად გაქვთ და ხაზზე ხართ;
  3. არ არის საჭირო სახლის ტელეფონის მითითება- ვერ გავიხსენებთ, ბოლოს როდის დაგვირეკეს სახლში სამსახურის თემაზე..
  4. არ არის საჭირო ხაზებითა და ჩარჩოებით ინფორმაციების გამოყოფა.
  5. არ არის საჭირო თავსართი (header)   და ბოლოსართ (footer) -ით CV-ის გაფორმება და საკონტაქტო ინფორმაციებით გადატვირთვა.
  6. არ არის საჭირო CV- ში დავწეროთ, რომ „ორგანიზებული, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და პუნქტუალურები ვართ’- ეს არ არის დამაჯერებელი და არც სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს.
  7. ფოტოსურათი არ არის აუცილებელი, სოციალური ქსელი ყველას გვაქვს და თუ დაუძლეველი სურვილი გვკვლავს CV ს ჰქონდეს ფოტო ,მაშინ კარგი ფოტოგრაფი უნდა მოვძებნოთ, გავიღიმოთ და გადავიღოთ „საქმიანი ადამიანის“  ფოტო.
  8. თქვენი CV -ის ფაილს უნდა ერქვას თქვენი სახელი და გვარი, რადგან შემდგომში ადვილად მოხდეს მისი იდენტიფიკაცია.

და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მომავალი მენეჯერი მხოლოდ სამ რამეს ეძებს ჩვენს CV -ში: ვინ ვართ, სად ვმუშაობთ და რა ვიცით.

ავტორი: მედეა ტაბატაძე

წყარო: marketer.ge

 

ვაკანსიების სანახავად დააჭირეთ ღილაკს